ტერმინი თეატრი (ბერძნულად theatron – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
- თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
- თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში. (ზოგადად თეატრის შესახებ )
თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით. (გამოყენებული წყარო GOOGLE)
თანამედროვე ქართული თეატრი
ქართული თეატრი ოდითგანვე გამოირჩეოდა მაღალი დონის სამსახიობო ხელოვნებით. დღეს, როცა ინტენსიურად გამოითქმის მოსაზრებები ქართულ თეატრში შექმნილი კრიზისის შესახებ, რაც რეალობას არ არის მოკლებული, მიმაჩნია, რომ არც ისე საგანგაშოდ არის საქმე, როგორც ამას კრიტიკოსები ხატავენ ხოლმე. ქართულ თეატრში სცენის ოსტატების გვერდით ყოველთვის მოღვაწეობდნენ შედარებით ოსტატი, სუსტი მსახიობები. ქართულ სამსახიობო ხელოვნებაზე დღევანდელი გადასახედიდან ვმსჯელობთ ცალკეული მსახიობების მიერ შექმნილი ბრწყინვალე მხატვრული სახეებით, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ასეულობით შექმნილი როლიდან, მხოლოდ რამდენიმეს გამოყოფენ თეატრის ისტორიკოსები და თეატრის ისტორიასაც მხოლოდ ათეულობით შესრულებული როლი შემორჩა.თანამედროვე ქართულ თეატრშიც იქმნება მნიშვნელოვანი მხატვრული სახეები. შესაძლოა თანამედროვე ქართული თეატრის მიმდინარე რეპერტუარში იშვიათად შეგვხვდეს ყოველმხრივ გამართული, მაღალ მხატვრული ხარისხის სპექტაკლი, მაგრამ რამდენიმე სპექტაკლიდან მსახიობთა ნამუშევარი დასამახსოვრებელი მაინც არის.
ძალზე ძნელია საუბარი გამიჯნულად სამსახიობო ხელოვნებაზე, რადგან ის დამოუკიდებლად არ არსებობს ჩვენს თანამედროვეობაში. ის პირდაპირ მიბმულია რეჟისორის ხელოვნებაზე. შესაბამისად, რეჟისურის ხელოვნების განვითარებაზეც დიდად არის დამოკიდებული მსახიობის ხელოვნების განვითარება. გარდა ამისა, მსახიობის ხელოვნების შექმნა პირდაპირ დამოკიდებულია რეჟისორის არჩევანზე. თუ მან არ მისცა მსახიობს შანსი მისი შესაძლებლობების გამოვლენის, მსახიობი დამოუკიდებლად იწყებს სპექტაკლის დადგმას და შედეგი გაცილებით სუსტია, ვიდრე რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლში.სამსახიობო ხელოვნების განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი მსახიობთა არასტაბილური შემოქმედებითი ცხოვრებაცაა. მთელს ქართულ თეატრში მსახიობთა ძალზე მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სტაბილური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობენ. ხოლო გამორჩეულ ქართველ მსახიობთა დიდი ნაწილი დღეს იშვიათად გვხვდება თეატრების მოქმედ რეპერტუარში. რადგან მსახიობის პროფესია სპორტსმენის პროფესიას გავს, ის მუდმივად ფორმაში უნდა იყოს, საჭიროა მათი სრული დატვირთვა, თუმცა ეს უმართავი პროცესია და ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ რეჟისორებს ეკისრებათ, რომლებიც თავიანთ არჩევანში სრულად თავისუფლები არიან.
სამსახიობო ხელოვნებაში გარკვეული ტენდენციის გამოსახატად, მივმართე სტატისტიკური კვლევის მეთოდს. ირკვევა, რომ 2010-2011 წლების სეზონში საქართველოს 50-მდე მოქმედ თეატრში განხორციელდა 436 დადგმა, ამათგან 65% ქართული პიესაა. სულ შესრულებულია 1341 როლი. მათ შორის მთავარი, მეორეხარისხოვანი, ეპიზოდური... ამ ციფრიდან მხოლოდ 40 შემთხვევაა, როცა მსახიობი ერთზე მეტ სპექტაკლშია დაკავებული. შესრულებული როლების საერთო რაოდენობა სულაც არ არის მცირე. ეს ციფრი მიუთითებს იმაზე, რომ წლის განმავლობაში 1341 მსახიობს ჰქონდა სამუშაო, თუმცა ხარისხი ნამდვილად დასაფიქრებელია, რადგან ათასზე მეტი როლიდან მხოლოდ ორი ათეულის გამოყოფა შეგვიძლია.
რაკი თანამედროვე სამსახიობო ხელოვნების პრობლემებსა და ტენდენციებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ მსახიობებს დავყოფთ თაობების მიხედვით, სულაც არ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ვთქვათ: უფროსი თაობის მსახიობები გაცილებით მაღალ მხატვრულ დონეზე ქმნიან სახეებს, ვიდრე საშუალო თაობის ან ახალგაზრდები. შემიძლია კონკრეტული მაგალითების მოყვანაც. უფროსი თაობის საუკეთესო სამსახიობო ანსამბლია შექმნილი გოჩა კაპანაძის სპექტაკლში "მოხუცი ჯამბაზები", რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე შეიქმნა. სპექტაკლში მონაწილე მსახიობთაგან, ჩემთვის განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა ამათგან მხოლოდ კახი კავსაძემ, ზაზა ლებანიძემ და მარინა ჯანაშიამ მოახდინეს. მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ შეუძლიათ შექმნან ახალი და თანამედროვე სახეები. არავინ კამათობს ოთარ მეღვინეთუხუცესის მაღალ პროფესიონალიზმზე. მე ის მინახავს თემურ ჩხეიძის სპექტაკლში "ანტიგონე", სადაც ნათლად ჩანს მსახიობის მოქალაქეობრივი პოზიციაც და მაღალი ოსტატობაც, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი, როცა მისი ნურადინ ფრიდონი ვნახე აკა მორჩილაძის "წიგნში". მართალია, სხვა მონაწილე მსახიობებისგან გამოირჩეოდა ოთარ მეღვინეთუხუცესის პერსონა, მაგრამ სპექტაკლის მნიშვნელოვან მხატვრულ სახედ ზურა სტურუას როლი მიმაჩნია. სწორედ ზურაბ სტურუა არის გამორჩეული და დასამახსოვრებელი.

ასე რომ, სულაც არ მიმაჩნია, რომ უფროსი თაობის გამოცდილი მსახიობები უცვლელად და ურყევად არიან ფორმაში. ახალგაზრდა თაობიდან მოდიან საინტერესო მომავლის მქონე მსახიობები, რომელთა ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. მაგრამ ერთი საერთო სენი, რაც ახალი თაობის მსახიობებს სჭირთ, ეს არის: მოქალაქეობრივი პოზიციის არქონა, მეტყველების კულტურის ტექნიკის არფლობა, ფიზიკური მოუმზადებლობა. ხშირად შეხვდებით ქართულ თეატრში კამერულ სცენებზე დადგმულ სპექტაკლებს და მსახიობებს, რომელთა ტექსტი ხშირად არ ისმის. მაყურებელისთვის გაუგებარია, რას ამბობენ ისინი, წარმოიდგინეთ ეს მსახიობები დიდ სცენებზე, სრულიად გაუგებარი დარჩება მათ მიერ წარმოთქმული სიტყვა.
ძალზე მძიმე სიტუაციაა რეგიონების თეატრებში, სადაც დასები ახალგაზრდებით ივსება, მაგრამ ბევრი მათგანი არ არის პროფესიონალი. რადგან თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს აღარ სურს რეგიონის თეატრში დაბრუნება, რადგან იქ სტაბილური თეატრალური ცხოვრება არ მიმდინარეობს. ამის გამო ხდება სამსახიობო ხელოვნების განვითარების შეფერხება. რეგიონის თეატრებიდან გამონაკლისია ბათუმისა და ქუთაისის თეატრები, როცა დასები ახალგაზრდა თაობით, პროფესიონალი მსახიობებით შეივსო. ამიტომაც ყველას დაამახსოვრდა თათია თათარაშვილის, მამუკა მანჯგალაძის, ვანიკო ხუციშვილის, კახა შარტავას, გიორგი ზანგურის და სხვათა შესრულებული როლები რეგიონების თეატრებში. ამიტომაც, ახალციხის, ოზურგეთის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, გორის თეატრებში შემოქმედებითი დონის შენარჩუნებას უფროსი თაობის მსახიობები ახერხებენ.
ტენდენციის ჭრილში უნდა განვიხილოთ ისიც, რომ სამსახიობო ხელოვნება შეიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა მეტყველების კულტურა, მხატვრული კითხვის ოსტატობა, ვოკალური და პლასტიკური მონაცემების ქონა-დახვეწა, მსახიობის ოსტატობა, რიტმიკა, სასცენო მოძრაობა, გარდასახვის უნარი, ფიზიკური მომზადება... დღეს ეს კომპონენტები უმაღლეს სახელოვნებო სკოლებში ან არ ისწავლება, ან თუ ისწავლება საკმაოდ დაბალ დონეზე. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დღეს აღარ ასწავლის ბევრი კარგი პედაგოგი, თუმცა, საბედნიეროდ, სწავლების პროცესს არ ჩამოაშორეს რამდენიმე პედაგოგი, რომელთა მხრებზეც დღეს გადადის ქართული "სამსახიობო სკოლა". მოქმედ პედაგოგთაგან კი უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვყოთ გიორგი შალუტაშვილი, ნუკრი ქანთარია და ავთო ვარსიმაშვილი, ეს უკანასკნელი მხოლოდ რეჟისორებს ასწავლის.
რთულია ისაუბრო თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, რადგან მისი განვითარების ეს პროცესი არ არის სტაბილური, თანმიმდევრული, მას არ აქვს შეუქცევადი პროცესის სახე. თანამედროვე თეატრში ვხვდებით სპექტაკლებს, რომლებიც გვხიბლავს რეჟისორული ნამუშევრით, მაგრამ გულს გვწყევტს სამსახიობო ანსამბლი, ან პირიქით, ვხვდებით სპექტაკლს, სადაც მსახიობი აღწევს მხატვრულ სიმაღლეს. ასეთ მაგალითად სპონტანურად მახსენდება ქეთი ცხაკაია ლევან წულაძის სპექტაკლში "ხანუმა", გოჩა კაპანაძის მოსე გიზო ჟორდანიას სპექტაკლში "ლუარსაბ თათქარიძე", ია სუხიტაშვილის ანნა რობერტ სტურუას სპექტაკლში `ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელი~ და სხვა. რობერტ სტურუას ბოლო სპექტაკლში `ნადირობის სეზონი~ ია სუხიტაშვილმა შეასრულა იას როლი. მსახიობი თავდაპირველად არ იყო დანიშნული აღნიშნულ როლზე, ის პრემიერამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა რეჟისორთან. უნდა აღინიშნოს, რომ მას არაფერი ეტყობოდა `შეყვანილი~ მსახიობის. ია სუხიტაშვილი იას როლში იყო სრულიად გულწრფელი, ხალასი, ლაღი, სასიამოვნოდ მსუბუქი, უშუალო და ამაღელვებელი. მსახიობმა გამოავლინა სამსახიობო ხელოვნების ფლობის უმაღლესი უნარი და ნიჭიერება.
ქალების როლების შემსრულებლებიდან ასევე საინტერესო ნამუშევარია თამარ ნიკოლაძის ნორა ვანო ხუციშვილის მიერ თავისუფალ თეატრში განხორციელებულ სპექტაკლში ჰ. იბსენის "თოჯინების სახლი". მსახიობი უკვე რამდენიმე სეზონია დაკავებულია იუმორისტულ სერიალში "შუა ქალაქი", სადაც ის ქეთევან ღლონტის როლს ასრულებს. მსახიობის ინტენსიური იუმორისტული ამპლუა, ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა დამღუპველი თამარ ნიკოლაძისათვის, რადგან მის მიერ შესრულებული გმირი ნორა სწორედ ის პერსონაჟია, რომელიც თავად დრამატურგს ჰქონდა ჩაფიქრებული. მსახიობი ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოგვცემს ნორას განცდებს.
საკამათო არ არის ის, რომ ქართულ თეატრში არსებობს ბევრი სპექტაკლი, სადაც არ გვესმის ტექსტი. პატარა, კამერული სცენებიდანაც კი ხშირია შემთხვევა, რომ მსახიობის მეტყველების კულტურის დაბალი დონის გამოისობით გაურკვეველია, რას ამბობს მსახიობი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეიმჩნევა ახალგაზრდა თაობაში. ამის მიზეზი ისიცაა, რომ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში საკადრის დონეზე არ ისწავლება მეტყველების კულტურა.
ჩემს მოხსენებაში შევეხები რამდენიმე მხატვრულ სახეს, რომლებმაც მიიქციეს ჩემი ყურადღება.
სამსახიობო ნამუშევრის თვალსაზრისით გამოირჩევა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დადგმული გოჩა კაპანაძის სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები", რომელიც რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. სპექტაკლი დღემდე სრული ანშლაგით გადის, რაც ლოგიკურია, რადგან სცენაზე ნამდვილი მსახიობები დგანან. სპექტაკლში ერთმანეთის პარალელუარდ არსებობს სევდა და იუმორი. თითოეული მონოლოგი და ეპიზოდი ცალკე აღებული მონოსპექტაკლია, რის გამოც, სერიალის მსგავსად სერიებივით ენაცვლება ერთმანეთს ეპიზოდები, მონოლოგები, რომელიც ფართოდაა გაჯერებული არა მხოლოდ ტექსტებით, არამედ ცეკვითა და სიმღერით. რეჟისორმა ამ ხერხით თითოეულ მონაწილეს საშუალება მისცა საკუთარი შესაძლებლობების ფართო წარმოჩენის და მაყურებელს დაანახა ის თაობა მსახიობებისა, რომლებსაც თანაბარი სიძლიერით შეუძლიათ სიმღერაცა და ცეკვაც. პერსონაჟების ხასიათები კი, ძირითადად მონოლოგებში იხსნება, რომელიც მართალია, მაღალპროფესიულ დონეზე სრულდება. გრძელი მონოლოგების მიუხედავად, მაყურებელი სიამოვნებით უსმენს მათ. `მოხუცი ჯამბაზების~ სამსახიობო ანსამბლიდან გამორჩეულია ზაზა ლებანიძე, კახი კავსაძე, მარინა ჯანაშია. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: მარინა კახიანი, გურამ საღარაძე, მანანა გამცემლიძე, ჯემალ ღაღანიძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე. გოჩა კაპანაძის სპექტაკლს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ თეატრში, თუნდაც იმიტომ, რომ ის არის მაგალითი ახალი თაობის მსახიობებისთვის – თუ რა დონეზე უნდა ფლობდე ხელობას.
***
გასულ სეზონზე რუსთაველის თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლი დაიდგა: გიორგი თავაძემ დიდ სცენაზე `დაბოლილი მთვარე~ განახორციელა, რომელიც იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სპექტაკლში ძალზე სანტერესო სახეები შექმნეს ზაალ ჩიქობავამ და ნინო კასრაძემ. მსახიობები უჩვეულო ამპლუაში ვიხილეთ. ნინო კასრაძე და ზაალ ჩიქობავა ეროვნებით რუს პერსონაჟებს განასახიერებენ, რომლებიც ყოფითი რეალობიდან სპექტაკლში მეორე ნაწილში გადაიქცევიან რუსი ერის გლობალურ სახეებად. ისინი ახერხებენ არა მხოლოდ ამ გარდასახვის მაღალოსტატურად ჩვენებას. მათი გმირების განვითარების ტრაექტორია ნათელია და მკვეთრი, რომელიც ზუსტ ასოციაციებს აღძრავს.
****
რუსთაველის თეატრში ბოლო წლებში არა ერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა განახორციელა სპექტაკლი. მათგან საინტერესო სპექტაკლი დადგა მაკა ნაცვლიშვილმა. მის პირველ სპექტაკლს ის მთავარი ღირსება გააჩნია, რომ იგი გამოირჩევა სამსახიობო ანსამბლით. საუბარია დავით გაბუნიას პიესაზე "საპნის ოპუსი". სპექტაკლში მონაწილე ოთხი მსახიობი (ნათია ფარულავა, ლელა ახალაია, რუსკა მაყაშვილი, ნატუკა კახიძე) უთუოდ საიმედო, პერსპექტიული მსახიობი უნდა დადგეს. სპექტაკლი, რომელიც აბასთუმნის კონცლაგერში მყოფ ოთხი ახალგაზრდა ქალბატონის ტრაგედიაზე მოგვითხრობს, ძირითადად აგებულია მონოლოგებზე, სწორედ ამ მონოლოგებში იკვეთება ცალკეულ გმირთა ისტორიები.
მაკა ნაცვლიშვილმა სპექტაკლში თავი მოუყარა ახალგაზრდა ქალი მსახიობების საუკეთესო ნაწილს. ოთხეულიდან ყველას თავისი ინდივიდუალური სამსახიობო შინაგანი ძალა და ხასიათი აქვს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნატუკა კახიძის მართალი თამაში, რაც დეფიციტია თანამედროვე ქართულ თეატრში. ნატუკა კახიძის მედიკო განსაკუთრებულია სწორედ იმ ეპიზოდში, როცა სალომე (ნათი ფარულავა) სანიტარ ქალს გაყავს. რამდენიმე წამიანი სრული სიჩუმე და სტაგნაცია, რომელიც საათებად გეჩვენება მაყურებელს, სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია როგორც ემოციურად, ასევე რეჟისორული გადაწყვეტის თვალსაზრისით. სახეგაყინული ახალგაზრდა ქალები გაუნძრევლად ელოდებიან გაუბედურებული სალომეს ოთახში დაბრუნებას. ნატუკა კახიძის გმირი კი ტირის, უხმოდ, ყოველგვარი რხევის გარეშე, ახალგაზრდა მსახიობიდან ამ ეპიზოდში უზარმაზარი ენერგია მოდის. მსახიობი თითქოს არაფერს თამაშობს და სწორედ ამ ფორმით აღწევს უმაღლეს ტრაგიზმს.
****
რობერტ სტურუას ყოფილმა მაგისტრანტმა, უკვე დიპლომირებულმა რეჟისორმა მაკა ნაცვლიშვილმა რუსთაველის თეატრში უკვე მეორე სპექტაკლი ახალგაზრდა გერმანელი დრამატურგის როლანდ შიმელპფენიგის პიესა `ქალი წარსულიდან~ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა სპექტაკლში რუსთაველის თეატრის ვარსკვლავები და შესაბამისად გამოცდილი მსახიობები დააკავა, შედეგი არასახარბიელოა. სპექტაკლის ცქერისას მიჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ მსახიობებმა ბევრი ვერაფერი მიიღეს პროფესიული ზრდის თვალსაზრისით ახალგაზრდა, თუნდაც საინტერესოდ მოაზროვნე რეჟისორისგან. რაკი მსახიობებზე ჩამოვარდა სიტყვა, უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა აქტიორული თვალსაზრისით სიახლე ვერ შემოგვთავაზეს, მათ მიერ შექმნილ მხატვრულ სახეებს აკლია სიცხადე და სიმკვეთრე, სამწუხაროდ, არც ტიპაჟებია გამოკვეთილი. რუსთაველის თეატრის მსახიობები ნანუკა ხუსკივაძე, ნინო თარხან-მოურავი, ზურაბ ინგოროყვა, ნიკუშა ღაღანიძე, ნინო მაყაშვილი ამ საათნახევრის განმავლობაში ჩვეულებრივ მსახიობებად იქცნენ. სპექტაკლის მოქმედი გმირები ხშირად ისტერიკაში ვარდებიან, ყვირიან, გარბიან, მაგრამ ბუნდოვანია, რატომ სჩადიან ამას. ვის, რას, რატომ ან სად გაურბიან?
****
ლევან წულაძის "დეკამერონში" მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრთა თითქმის ერთი ნახევარი (20-ზე მეტი მსახიობი) მონაწილეობს. შესანიშნავი ტრადიციების მქონე, აკადემიური და ისტორიულად ერთ-ერთი წამყვანი თეატრის სცენაზე ორ ათეულ მსახიობზე მეტი დგას და მათგან მაყურებელს მხოლოდ რამდენიმე დაამახსოვრდება, მათ შორის, უპირველესად, ქეთი ცხაკაია და ბაია დვალიშვილი. ბაია დვალიშვილი მაქსიმალურად ცდილობს გამოკვეთოს თავისი პერსონაჟის ხასიათი და ტიპაჟი, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ მსახიობი მიგნებულს დანებდა და ძიების პროცესი აღარ გააგრძელა, რასაც ვერ ვიტყვით ქეთი ცხაკაიაზე. მსახიობი ამ სპექტაკლშიც ავლენს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას დაკისრებული როლისადმი და პროფესიონალიზმს, რაც პირველ ყოვლისა, მის ნამუშევარში ნათლად ჩანს. მსახიობი ახალ, მისეულ მხატვრულ სახეს დეტალებით ქმნის, რომელიც მაყურებელს შეუმჩნეველი არ რჩება. ქეთი ცხაკაია ცდილობს თავი დააღწიოს წინა პერიოდში შექმნილი როლების გავლენას. მართალია, ეს პროცესი მკვეთრი არ არის, მაგრამ მისი პერსონაჟის განსხვავებულობა თვალშისაცემია. საერთოდ კი, ძნელია განსაზღვრო რა ჟანრს გვთავაზობს რეჟისორი, დაუდგენელია მსახიობთა თამაშის სტილისტიკა, ინტონაციები, თამაშის მანერა, ამის გამო ზოგიერთი გმირი მსახიობთა `წყალობით~ კარიკატურულ პერსონაჟებად იქცნენ.
****
საინტერესო ნამუშევარია ლევან წულაძის "ჟოლო" განხორციელებული მარჯანიშვილის თეატრში. სპექტაკლი აგებულია ორი პერსონაჟის ქალბატონი ნეოს (ცენზორი ნატო მურვანიძე) და ბატონი ცუბაკის (დრამატურგი ნიკა კუჭავა) დისკუსიაზე, აზრთა ჭიდილზე. ნატო მურვანიძე აქამდე არასდროს მინახავს მსგავს ამპლუაში. მსახიობი მწირი გამომსახველობითი ხერხების საშუალებით (რაც მოგეხსენებათ, ბევრი მსახიობისთვის დაუძლეველ ბარიერად რჩება) აღწევს გარდასახვას არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ქმედითად. გარდა ამისა, ორსაათიანი სპექტაკლის მანძილზე ნატო მურვანიძის გმირი მეტამორფოზას განიცდის. მკაცრი ცენზორი ეტაპობრივად, ლოგიკურად განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ იცვლება, გარდაიქმნება და იგი სრულიად დადებით პერსონაჟად გვევლინება. ვთვლი, რომ ნატო მურვანიძის ცენზორი არც სპექტაკლის დასაწყისშია უარყოფითი პერსონაჟი. იგი ცენზორია და სახელმწიფოს ინტერესებს იცავს, აქვს გემოვნება, როგორც რიგით მკითხველს და საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას ოდნავი ლირიზმის შემოპარვის მასში. თავის მხრივ, ნიკა კუჭავას გმირიც – ცუბაკი _ დადებითი პერსონაჟია, ერთი შეხედვით, უსახური დრამატურგი, რომელიც ისევე განიცდის სხვადქცევის პროცესს, როგორც ნეო. სპექტაკლის ბოლოს ის გაზრდილ, დახვეწილ დრამატურგად გვევლინება. სწორედ ამ ორი სიკეთის დაპირისპირება არის სპექტაკლის მთავარი იარაღი, რაც ასე ითრევს მაყურებელს ამბავში.
ნატო მურვანიძის გმირის გადაქცევა ხელოვანის იდეალურ მეგობრად ეტაპობრივად ხდება, თითქოს არაფერს უნდა ელოდო ხისტი ხასიათის ცენზორისაგან, რომელიც შენს მიერ მირთმეულ ჟოლოს ფუნთუშასაც კი არ იღებს, რათა ქრთამად არ ჩაუთვალონ, მაგრამ მისი მოდრეკა მოახერხა ხელოვნებამ ცუბაკის მეშვეობით. ნატო მურვანიძის გმირი თამაშის ახალ წესებს აკანონებს, ხელოვანიც იძულებულია მიიღოს ეს შემოთავაზება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს კარგავს. ნიკა კუჭავას აქამდეც უთამაშია მთავარი როლები მარჯანიშვილის თეატრის დიდ და მცირე სცენებზე, მაგრამ ეს როლი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან ამ ჟანსა და ამ ამპლუაში იგი სტუდენტობის შემდგომ არ წარმსდგარა მაყურებლის წინაშე. ამ მასშტაბის როლი მას აქამდე არ უთამაშია. ახალგაზრდა მსახიობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ზრდისა და ჩამოყალიბების ეტაპზეა, იოლი როდია, მარტომ პარტნიორობა გაუწიო ნატო მურვანიძეს. ნდობა ამ ორ მსახიობს შორის აშკარად არსებობს, ამას მაყურებელიც გრძნობს. თუმცა ნიკა კუჭავას მხატვრულ სახეს - ცუბაკს გამომსახველობითი ხერხების მრავალფეროვნება და ფერები მაინც აკლია. მსახიობი შინაგანად მაინც მონოსტილისტურია. ორსაათიანი ურთიერთობის მანძილზე ცენზორსა და დრამატურგს შორის მეგობრული ურთიერთობაც კი ყალიბდება, თითქოს დრამატურგი მოუშინაურდება კიდეც ცენზორს.
****
ბერნარდ შოუს ცნობილი კომედია "პიგმალიონი" მწერალმა აკა მორჩილაძემ ქართულ სინამდვილეს და ხასიათებს მოარგო, ხოლო რეჟისორმა ლევან წულაძემ გადმოქართულებული ვერსია სცენაზე გააცოცხლა და შექმნა ფერადი, ხასიათებით მდიდარი და სიუჟეტურად გამართული სევდიანი კომედია. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის მთავარი გმირი პიგმალიონი იგივე მიხეილ ახმეტელია (აკაკი ხიდაშელი), მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მსახიობების გივი ბერიკაშვილის (გრიგოლ ახმეტელი), ნატო მურვანიძის (კატო), მანანა კაზაკოვას (ფრაუ ბუხი), გივი ჩუგუაშვილის (ელიზბარ რატიშვილი) მიერ განსახიერებული პერსონაჟები. ისინი ქმნიან ატმოსფეროს სპექტაკლში. ამ ატმოსფეროს კიდევ უფრო ფერადოვანს ხდის ნინო დუმბაძის (ქეთევანი), თეონა ქოქრაშვილის (ანასტასია), ნიკა კუჭავას (სიმონი), ონისე ონიანის (ქაქანოვი), ლიკა ქობულაძის (ნესტან ამილახვარი), ქეთევან გეგეშიძის (დარეჯან ამილახვარი), მაია კაციტაძის (იმერელი), ბესო ბარათაშვილი (აშოტა), თენგიზ პაპიძის (კუკური), ბექა გოდერძიშვილის (ვახვახი), კოტე თოლორაიას და თამარ სხირტლაძის (ბაგრატიონთა ოჯახის მამა და დედა) პერსონაჟები. მათი ეპიზოდური გაელვებების მიუხედავად, მსახიობები მეტ-ნაკლებად ახერხებენ მკვეთრად დახატონ თავიანთი პერსონაჟების ისტორია, გამოავლინონ გმირების ხასიათები და მათი ქმედებების მოტივაცია. ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ სპექტაკლი რამდენიმე მსახიობის თამაშზე დგას. მათ შორის უპირველესია ნატო მურვანიძე. მსახიობი სულ სხვა ამპლუაში წარსდგა მაყურებლის წინაშე. მის მიერ შესრულებულ როლს გააჩნია მინიდრამატურგია, იგი ეტაპობრივად ავითარებს სახეს და აღწევს გარდასახვის მაღალ ხარისხს. ნატო მურვანიძე ფართოდ იყენებს თამაშის მრავალფეროვან ხერხებს, რითაც ამდიდრებს თავის მხატვრულ სახეს. მას რამდენიმე ხასიათის განსახიერება უწევს ორი საათის განმავლობაში: გლეხის ქალის და დიდგვაროვანის. სახეთა მსახიობის და რეჟისორის მიერ შემოთავაზებული მეტამორფოზის ხერხი ლოგიკურია და ზედმიწევნით ზუსტი. მსახიობმა ამ როლში გამოავლინა მისი ჩემთვის მანამდე უცნობი მხარეც - კომიკური როლების შესრულების ფართო დიაპაზონი. განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს ნატო მურვანიძის შესრულებული კინტაური. ქალებს შორის ღირსეულ პარტნიორობას უწევს კოლეგებს მანანა კაზაკოვას ფრაუ ბუხი. მანანა კაზაკოვას ხალასი ნიჭი სახასიათო როლების შესრულებისას ცნობილია ფართო მაყურებლისთვის, მაგრამ `პიგმალიონში~ მსახიობის ოსტატობა სხვა ხარისხს იძენს. მაყურებელი სულმოუთქმენლად ელის მის მორიგ გამოჩენას სცენაზე და მის ტექსტს, რომელიც გერმანული და ქართული ენის იშვიათი სინთეზია, ვიდრე ერთი რომელიმე გარკვეული ენა. მსახიობი გემოვნებიანი იუმორით ხატავს მის პერსონაჟს და არაერთხაზოვნად წარმოგვიდგენს გმირს. კომიკური ნიღბის მიღმა მანანა კაზაკოვა გმირის სხვა მხარეს, შინაგან გაცდებსაც გვიჩვენებს, იგი ისე ძუნწად სახავს პერსონაჟის ხასიათის მეორე მხარეს, რომ არ ამძიმებს ფრაუ ბუხის კოლორიტულობასა და სისადავეს. მნიშვნელოვანი პერსონაჟია გივი ბერიკაშვილის გრიგოლ ახმეტელი. გივი ბერიკაშვილის სცენაზე გამოჩენას სპექტაკლი სხვა რიტმში გადაჰყავს, ფერადოვან სანახაობას მადლიანი გივი ბერიკაშვილის არტისტული ფერიც ემატება და სპექტაკლი განსაკუთრებულ ელფერს იძენს. სპექტაკლის ცენტრში კაკო ხიდაშელის ქართველი პიგმალიონი მიხეილ ახმეტელი დგას. მსახიობი ახერხებს მოირგოს ცივი და უკარება ადამიანის ნიღაბი, რომელიც მხოლოდ გონებით მოქმედებს და გრძნობებს გასაქანს არ აძლევს. მისი გმირის ისტორიის თხრობის მანერა იმდენად ზუსტია, რომ ჩნდება განცდა ფინალის განსხვავებული, არატრადიციული გათამაშებისა. მსახიობი კაკო ხიდაშელი ნატა მურვანიძესთან ერთად ახერხებს არ `გაყიდოს~ სპექტაკლის ფინალი.
***
მარჯანიშვილის თეატრში ბესო კუპრეიშვილმა თითების თეატრსა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ქეთი ცხაკაიასთან ერთად არც მეტი, არც ნაკლები შექსპირის "ჰამლეტი" შემოგვთავაზა. ეს არ არის იაფფასიანი ინტრიგა ან ავანტურა, როცა თითების თეატრი "ჰამლეტს" გვთავაზობდა. არც ის, რომ ჰამლეტს ქალი მსახიობი ასრულებს, (ჰამლეტი შესრულებული აქვს სარა ბერნარს, და ეს ტენდენცია ქართულ თეატრშიც იკიდებს ფეხს. მაგ. ჰიტლერი ნატა მურვანიძემ შეასრულა). ამ გარემოებებიდან გამომდინარე, წინასწარ ემზადები უცხო ფორმასთან შესახვედრად და იცი, რომ სრულ და ტრადიციულ შექსპირისეულ ვერსიას არ უნდა ელოდო (მით უმეტეს, სპექტაკლს "ჩემი ჰამლეტი" ჰქვია). სპექტაკლზე წასვლამდე აუცილებლად გაგიელვებს თავში აზრი – აი, მსახიობი ისე გათამამდა წარმატებებით, რომ ჰამლეტის შესრულებაც მოინდომაო, არადა სპექტაკლზე მისული გზადაგზა რწმუნდები, რომ შენი პროგნოზები სულაც არ მართლდება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი, უკვე იწყებ გაანალიზებას, როგორ მივიდნენ რეჟისორი და ერთი მოლაპარაკე მსახიობი (ისე სპექტაკლში ქეთი ცხაკაიას გარდა ხუთი მეთოჯინე თამაშობს) იმ ფორმამდე, რომელიც ასე ლოგიკურად ერწყმის სპექტაკლის შინაარსსაც და პათოსსაც.
ცალსახად განსაკუთრებულია ქეთი ცხაკაიას მსახიობური ნამუშევარი. მისი ჰამლეტი, ერთი შეხედვით, უსქესოა, მაგრამ ყველაფერი მაინც ისეა, როგორც პიესაში. მსახიობი არ ცდილობს ითამაშოს მამაკაცი, ან ხაზგასმულად ქალი. ჰამლეტი-მამაკაცის თამაშის შემთხვევაში მისი გმირი სასაცილო და გროტესკული იქნებოდა, რითაც საბოლოოდ დაასამარებდა გადაწყვეტის ორიგინალობის იდეას. მან შეძლო მოეძებნა რთულად მოსახელთებელი უჩინარი ოქროს შუალედი. მთელი სპექტაკლის მანძილზე ქეთი ცხაკაია მის გმირებთან ერთად ბეწვის ხიდზე გადის ისე, რომ არ კარგავს უშუალობას, კონტაქტს მაყურებელთან, საკუთარ თავთან და მის მიერ განხორციელებულ გმირებთან, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ენაცვლებიან ერთმანეთს ეპიზოდების სახით კამერულ სივრცეში. მსახიობმა სხვადასხვა პერსონაჟისთვის მოძებნა ცხრა ერთმანეთისგან განსხვავებული ფერი. ქეთი ცხაკაიას ერთი სპექტაკლის პერსონაჟთა გალერეაში ზოგიერთი პერსონაჟი ზღაპრის გმირსაც ჰგავს (პოლონიუსი, მესაფლავე), მათ შორის მულტიპლიკაციურს (გილდერსტერნი, როზენკრანცი) ზოგს კი გროტესკისა და ირონიულობის იერიც დაჰკრავს (კლავდიუსი, გერტრუდა), ზოგიერთს რეალისტურ-დრამატულ პერსონაჟადაც ხატავს (ოფელია, ლაერტი).
ქეთი ცხაკაიას მეათე და უმთავრესი გმირი – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით – თეატრის დამლაგებელია, რომელმაც გაითამაშა მთელი სპექტაკლი. საფინალო სცენაში, როცა მის მიერ `ჩადენილ~ ქმედებას აანალიზებს, ერთი ფრაზით აფასებს: `მე იმათთან რა მოსატანი ვარ...~ (გულისხმობს პროფესიონალ მსახიობებს, ვინც `ჰამლეტს~ თამაშობს). არადა, ქეთი ცხაკაიას დამლაგებელი ამ შეფასებაში გულწრფელია, ის არ გვეკეკლუცება იმ პრინციპით `მე ეს შევძელი, დაე, სხვამ უკეთესად გააკეთოს...~, მაგრამ ზედმეტად მკაცრია თავისი თავის შეფასებისას. სწორედ ამ ცხოვრებისგან დაგლახაკებულმა და მრავალ ტკივილგადატანილმა ქალმა წარმატებით გაართვა თავი იმას და იმდენს ერთად, რასაც სხვები იმის ნახევარსაც კი ვერ აკეთებენ. ეს შეფასება ეკუთვნის როგორც მსახიობს, ისე პერსონაჟს. უფრო კონკრეტულად კი, ქეთი ცხაკაიამ ერთსაათიან სპექტაკლში შეძლო 9+1 როლის სხვადასხვა ხერხით, თვისებითა და ხასიათით განხორციელება, მაშინ, როცა ჩვენს თანამედროვეობაში მსახიობები სპექტაკლში მასზე დაკისრებულ ერთ როლსაც კი ვერ ასახიერებენ საკადრისად. ქეთი ცხაკაიამ კი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, რადიკალურად განსხვავებული ხასიათები დახატა. თანაც პარტნიორების გარეშე, როცა რეპლიკასაც კი არავინ აწვდის. მისი უშუალო პარტნიორები უსულო ნივთები თოჯინები არიან, რომლებიც იმდენად გასულიერებული არსებები ხდებიან, რომ ამ ზღვარს მთლიანად შლიან.
****
საინტერესო სამსახიობო ნამუშევარია ქეთი დოლიძის სპექტაკლში `სერობა~, რომელიც ამ გასულ სეზონზე აღადგინა რეჟისორმა. სპექტაკლში მოთხრობილია მოკლე ეპიზოდი სახარებიდან - ქრისტეს ჯვარცმიდან მის აღდგომამდე პერიოდი. რეჟისორმა ქეთი დოლიძემ სპექტაკლის მიზანსცენები მძივებივით ააწყო და დიდი მხატვრული სირთულეების მიუხედავად, წარმატებით გაართვა თავი. სპექტაკლში მონაწილე მსახიობებიდან უპირველესად გამოვყოფ მზია არაბულს (მაგდალინელი), რამაზ იოსელიანს (თომა) და მალხაზ აბულაძეს (პეტრე). მართალია, სპექტაკლში მონაწილე სხვა მსახიოებებს: იმედა არაბულს, გია აბესალაშვილს, იოანე ხუციშვილს, გუგა კახიანს, დენ ხლიპოვს, გია ბურჯანაძეს, რევაზ თავართქილაძეს დიდი ტექსტუალური დატვირთვა არა აქვთ, მაგრამ ისინი მაინც, ბოლომდე ვერ ახერხებენ თავიანთი გმირების ხასიათების დახატვას, მათგან, ჩემი აზრით, მხოლოდ გუგა კახიანი (იოანე) ახერხებს მკრთალად, მაგრამ მაინც გვაჩვენოს იოანეს ხასიათი და დამოკიდებულება სხვა პერსონაჟებისადმი. ერთიან მსახიობთა ანსამბლში, რომელიც ძალთა არათანაბარობის მიუხედავად, ნამდვილად არსებობს, უცხო ნაწილაკს ჰგავს გია ბურჯანაძის გმირი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მსახიობი სპექტაკლის საერთო ამაღლებული, მისტიკური, თეატრალური სტილისაგან ამოვარდნილია და ყოფით პერსონაჟს ქმნის. ამ `ამაღლებულ~, თეატრალურ სტილს, რომელსაც მსახიობები მზია არაბული და რამაზ იოსელიანი გვთავაზობენ, არ აკლიათ უბრალოება, ადამიანურობა. მათ ზეაწეულ, ერთი შეხედვით, მხატვრულ კითხვას, სრულადაც არ აკლია ადამიანური სითბო და თეატრალურობა. მზია არაბულს და რამაზ იოსელიანს ერთიან არტისტულ ანსამბლში ლიდერის პოზიცია უჭირავთ. ისინი წარმართავენ სპექტაკლს.
****
ქეთი დოლიძის მორიგი სპექტაკლი "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო", რომელიც თეატრში ათონელზე დაიდგა, აგებულია ოთხი პერსონაჟის, რომელთაც მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი და ნუგზარ რუხაძე ასრულებენ, ცხოვრებაზე, რომლებიც ემიგრანტები არიან. ორმოქმედებიან სპექტაკლში სცენაზე სამი ოსტატი მსახიობი დგას, რომლებიც ლიდერის პოზიციას არ თმობენ. ძნელია თქვა, რომელი მსახიობი ასრულებს მთავარ როლს, რომელი მათგანი ტრიალებს მოვლენათა ეპიცენტრში, თუმცა სპექტაკლის რიტმს და გრძნობათა ბუნებას ნინელი ჭანკვეტაძის გმირი განსაზღვრავს. მას მიჰყავს სპექტაკლი. ერთი შეხედვით, მსახიობი, თითქოს განსაკუთრებულს არაფერს თამაშობს. ის ჩვეულებრივ გვესაუბრება მონოლოგებში, ჩვეულებრივ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ჩართულია დიალოგებში. მსგავსი უშუალობის მიღწევა ნებისმიერი მსახიობისგან დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს. მსახიობმა აირჩია ურთულესი გზა და წარმატებით გაართვა მას თავი. ზომიერების ფარგლებს არ სცილდება ნინელი ჭანკვეტაძის გმირის ელიკოს განცდები. ის შორსაა ყალბი პათეთიზმისგან. ზოგჯერ მსახიობი მიამიტ ბავშვს ჰგავს, უბოროტოს და შეუცდომელს. იგი ტრაგიკული პერსონაჟია. მისი ტრაგიზმი მის ბიოგრაფიაში იკითხება. მსახიობი ახერხებს მოკლე დროში მოგვითხროს მისი ისტორია. რამაზ იოსელიანი თამაშის უცნაურ ხერხს მიმართავს. ის საკმაოდ მწირი გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით ხატავს თავის გმირს. ისიც ნინელი ჭანკვეტაძის მსგავსად თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს სცენაზე. თეატრალური საოცრება კი სწორედ ის არის, რომ მსახიობმა შეძლო ამ მწირი გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით სხვადასხვა ფერებით დაეხატა ქართველი ებრაელის პერსონაჟი. რამაზ იოსელიანის გმირი რაფინირებული, ინტელიგენტური, დახვეწილი გემოვნების, საკმაოდ განათლებული, კულტურული კაცია. მეტად მორიდებული და დამფრთხალი. იმდენად მორიდებული და ბავშვური, რომ შთაბეჭდილება გრჩება, რომ მას თითქოს ლაპარაკიც კი ერიდება. თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში ის თამამიც არის, მისი სითამამე პირობითია. ეს კარგად ჩანს ელიკოსთან (ნინელი ჭანკვეტაძე) გაკეკლუცების დროს. მისი სითამამე მოჩვენებითია, მაგრამ გულწრფელი. მაყურებელი თანაუგრძნობს და გულშემატკივრობს მას სიყვარულში, იტანჯება და ითრგუნება მასთან ერთად. გიჩნდება სურვილი სცენაზე ახვიდე და დაეხმარო მას სიყვარულის მოპოვებაში. მხატვრული სიმართლის ამ დონის მიღწევა რამაზ იოსელიანის პროფესიონალიზმსა და ნიჭიერებაზე მეტყველებს.
სპექტაკლში `დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო~ ვიხილეთ ნანა ფაჩუაშვილი. ცნობილია, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, რაც არ უნდა მაღალი რანგის იყოს მსახიობი, იშტამპება. ლოგიკურად უჭირს ახალი როლების შექმნისას თავი დააღწიოს უკვე შესრულებული როლების გავლენას. ნანა ფაჩუაშვილი ბევრ როლში მინახავს, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მსახიობმა ისე `მოგვატყუა~, რომ სპექტაკლის დაწყებიდან საკმაო პერიოდის განმავლობაში ვერ ვიცანით. გამოცდილი, თეატრის ერთგული მაყურებელი ერთმანეთს ეჩურჩულებოდა იმ მიზეზით, რომ დაედგინათ, ვინ ასრულებდა ბებერი ამერიკელი ქალბატონის როლს. რაც მთავარია, მთელი პირველი მოქმედების განმავლობაში ნანა ფაჩუაშვილი არ იღებს ხმას. ის მხოლოდ სახით მეტყველებს. მსახიობი ახერხებს მიმიკით და ოდნავი გრიმით (მას არც პარიკი ახურავს და არც სახე აქვს მოხატული) მთლიან გარდასახვას. მისი ბებერ მილიონერად გადაქცევა არ არის ხელოვნური. მსახიობი ახერხებს ტექსტის გარეშე, მიმიკის იშვიათი შეცვლით თავისი პერსონაჟის დახატვას. ის საყვარელი მოხუცია, ბავშვის ხასიათს მაქსიმალურად მიახლოებული, გარკვეულ ეპიზოდებში გახარებული და ბედნიერი, ხოლო ზოგჯერ სევდიანი, მოწყენილი და გულჩათხრობილი.
****
მნიშვნელოვანი სპექტაკლია სამეფო უბნის თეატრში დადგმული დათა თავაძის მიერ სპექტაკლი "მახინჯი”.ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობების წარმატების უმთავრესი მონაპოვარი მათი გარდასახვაა. თითოეული მსახიობი ერთდროულად რამდენიმე როლს ასრულებს, ისინი სხვა პერსონაჟად გადაქცევის დროს არ გადიან სცენიდან, არ იცვლიან კოსტიუმებს, არ იკეთებენ გრიმს და მაინც ახერხებენ მეტამორფოზას. ამის მიღწევა ოსტატ მსახიობებსაც კი უჭირთ, დათა თავაძის სპექტაკლში კი სწორედ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ტექნიკის არმქონე, გამოუცდელი მსახიობები ახერხებენ ამას. გარდა ამისა, ეს არის რეჟისორის მიერ შემოთავაზებული ხერხი. რეჟისორი ხაზს უსვამს იმას, რომ მსახიობები მათ თვალწინ იქცევიან სხვა პერსონაჟებად. მიუხედავად იმისა, რომ პიესის სიუჟეტი ბევრმა არ იცის, მაინც ყველაფერი გასაგებია და ბუნდოვანი არაფერი რჩება.
მახინჯის, ანუ ლეტეს როლს სოსო ხვედელიძე ასრულებს. მსახიობი მთელი სპექტაკლის მანძილზე მუშაობს და მაქსიმალურად ხარჯავს ენერგიას. მისი გმირი დიდ და საინტერესო გზას გადის. სოსო ხვედელიძე, რომელიც განსაზღვრავს კიდეც სპექტაკლის საერთო დინამიკას, მობილიზებულია სპექტაკლის მსვლელობის ნებისმიერ მონაკვეთზე, ის არ დუნდება. განსაკუთრებით მომხიბვლელია მისი ცოლის, ფანის როლის შემსრულებელი კატო კალატოზიშვილი. მსახიობს აქვს იუმორის მაღალი გრძნობა, ფლობს ზომიერი ირონიის ტექნიკას. კატო კალატოზიშვილის ფანი ზომიერად მგრძნობიარე, გამჭრიახი და ინტელიგენტი ქალია, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. ის გულახდილია საკუთარ ქმართან, არაფერს ატყუებს და ხაზგასმით ამბობს, რომ მას ისეთი მოსწონს მისი ქმარი, როგორიც იყო. ფანი ერთგული ქალია მანამ, სანამ ქმარის გამოწვევით სახიფათო თამაშში არ ჩაერთვება. ქმართან ღალატის გამო მის მიმართ მაყურებელს არ უჩნდება ნეგატიური ემოცია, პირიქით, თანაუგრძნობს და გულშემატკივრობს კიდეც მაყურებელი მას. სახასიათო სახეს ქმნის სპექტაკლში იაკო ჭილაია - ფანი, იგივე მდიდარი ქალი და ლეტეს თანამშრომელი. სწორედ ის აცდუნებს ლეტეს, საწოლში ჩაითრიოს, მისი მიზანი ლეტეს, როგორც ლამაზი კაცის თავისთვის `დათრევაა~, მაგრამ მაშინვე ამბობს მასზე უარს, როგორც კი მისი შემცვლელი გამოჩნდება. სახასიათო როლებს ასრულებს გაგა შიშინაშვილი - ლეტეს თანაშემწეს და მდიდარ ქალს. ორივე როლი ერთმანეთისგან განსხვავებულიცაა და მსგავსი. დრამატურგმა ისე დაამწკრივა პერსონაჟები, რომ ის ერთი და იგივე მსახიობებმა უნდა შეასრულოს. დრამატურგის ამ კარნახს ზუსტად აუღო ალღო ახალგაზრდების გუნდმა, ისე რომ, სცენაზე დაბნეულობა და გაურკვევლობა კი არა, სრული ჰარმონია სუფევს. ლიდერის პოზიცია სოსო ხვედელიძის შემდეგ სცენაზე პაატა ინაურს და მის გმირებს უჭირავს. შეფლერი ლეტეს შეფია, ცივი და უემოციო კაცი, ხოლო მისი ქირურგი-შემოქმედივით ბობოქარი. სწორედ მისი ექსპერიმენტი დაატრიალებს ქარბორბალას პიესაში, მისი წარმატებული ექსპერიმენტი _ ადამიანების სახის გაკეთილშობილება _ განაპირობებს ადამიანებს შორის ურთიერთობების და თვისებების ახალი მხარეების წარმოჩენას. პაატა ინაური ყოველგვარი ზედმეტი გარდასახვის გარეშე ხატავს ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავბულ პერსონაჟს. `ახლა როცა ასეთი ლამაზები და მდიდრები ვართ, ტკბილად დავიძინოთ!~ - მიმართავს ის სპექტაკლის ფინალში მაყურებელსაც და მოქმედ გმირებსაც. მიმართვის შემდეგ კი თავადაც იკეთებს ოპერაციას – სახის `გასაუმჯობესებლად~. ტენდენცია, რომელიც დრამატურგისა და რეჟსიორის ერთიან სამყაროში შეიმჩნევა, შეუქცევადი პროცესია, ვირუსის მსგავსია, რომელიც ყველას უნდა შეეყაროს. სახის გადაკეთებას სპექტაკლის ყველა მონაწილე მამრი მიმართავს. შედეგად ზოგი ბედნიერია, ზოგსაც ეჩვენება ბედნიერება და ზოგიც _ სრულიად უბედური.
***
გამორჩეული დადგმაა გიორგი თავაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი" ბათუმის თეატრში. სადაც სამსახიობო ნამუშევრიდან გამოირჩევა სამი მსახიობი: ტიტე კომახიძე, მამუკა მანჯგალაძე და ეკა ჩავლეიშვილი. ტიტე კომახიძე _ მეფისტოფელი უამრავ გრძნობას აღძრავს, პროტესტის გრძნობასთან ერთად, იგი ღიმილსაც გვრის მაყურებელს, გულიანადაც გახარხარებს და თავსაც გაზიზღებს, ერთდროულად გაშინებს და გხიბლავს, ეპიზოდებში გეცოდება კიდეც საბრალო მოხუცი. მსახიობი ინტენსიურად ცვლის გმირის განწყობებს, თამაშის სტილსა და მანერას. იგი ყველა სცენაში დამაჯერებელია, რადგანაც მისი გმირის ქმედება მხატვრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. მისი ყოველი გასვლა სცენიდან ტაშით მთავრდება, ამიტომაცაა, რომ მაყურებელს მისი სცენაზე დიდხანს დარჩენის სურვილი უჩნდება.
40 წლის ახალგაზრდა თბილისელ კაცს განასახიერებს ბათუმის თეატრის ახალბედა მსახიობი მამუკა მანჯგალაძე, რომელსაც პროფესიულ სცენაზე სულ ორი როლი აქვს შესრულებული. რეჟისორი გიორგი თავაძე აშკარად რისკზე წავიდა, როცა 21 წლის, გამოუცდელ მსახიობს ნუგზარის რთული დრამატურგიული კონსტრუქციისა და ტექნიკური სირთულის როლი მიანდო. ახალგაზრდა მსახიობის ფიზიკური მონაცემები, განსაკუთრებული პლასტიკურობა, გამორჩეული შინაგანი დინამიკა _ ის ბუნებრივი რესურსია მსახიობისთვის, რომელიც როლის შექმნისას მის წარმატებას განაპირობებს. იგი რადიკალურად იცვლება პირველი მოქმედების შემდეგ. მთლიანად იცვლის ხმის ტემბრს, საუბრის სტილს, მანერებს, ცვლის და ავლენს გმირის ხასიათის იმ ნიუანსებს, რომელიც პირველ მოქმედებაში თითქოს მიჩქმალული იყო. მსახიობი იუმორში ამჟღავნებს გმირის ხასიათის ცვლილებას, რაშიც მწარე სიმართლეც არის. გამდიდრებული ნუგზარი გარკვეულ მომენტში პიჟონად იქცევა, ამას ყველაფერს იგი იუმორით ნიღბავს, მაგრამ, როცა თავის მეგობარ გელას თავს მძინარედ მოაჩვენებს, ირკვევა, რომ იგი ახალმა ცხოვრებამ შეცვალა. საბედნიეროდ, საბოლოოდ ნუგზარი ხვდება ამ საბედისწერო შეცდომასაც და კვლავ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. მამუკა მანჯგალაძის ნუგზარმა მოკლე ხანში გაიარა ტანჯვით სავსე დიდი ცხოვრება, საკუთარ შეცდომებს შეეწირა და ჩვენ მაგალითი გვიჩვენა, რა სავალალო შედეგი მოაქვს დაუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯს.
მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ქეთუშას პერსონაჟს ეტაპობრივად წარმოაჩენს, ჯერ იგი სიცილს ჰგვრის მაყურებელს, რომელიც მალევე გადადის ლირიზმში და ტრაგედიას აღწევს. იგი ერთგვარი მსხვერპლია ჯერ ნუგზარის უაზრო აკვიატების, ხოლო შემდეგ მეფისტოფელისა. ქეთუშას ცხოვრებაში ინტენსიური მოულოდნელობები საბოლოოდ მის გაგიჟებას იწვევს. სიგიჟის თამაში ნებისმიერი მსახიობისათვის ურთულეს თავსატეხს წარმოადგენს, ძნელია, თავი დააღწიო გავლენასაც. მსახიობმა ქეთუშას სიგიჟის სცენა გვიჩვენა ზედმეტი ილუსტრაციულობის და მანერულობის გარეშე. ეკა ჩავლეიშვილი ჭკუიდან გადაცდენილ პერსონაჟს ხატავს როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ვერ აზროვნებს (შესაბამისად საუბრობს) მოვლენების ადეკვატურად, მისი გმირი სიგიჟის და ჩვეულებრივი ადამიანის მდგომარეობის ზღვარზეა.
****
ოთარ ქათამაძის პიესა `აივანი~, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ ორგანიზებულ პიესების კონკურსის `ახალი ქართული პიესა~ გამარჯვებულია, მესხეთის სახელმწიფო თეატრში დაიდგა და მასში თერთმეტი მსახიობი მონაწილეობს. გიორგი შალუტაშვილის ახალ სპექტაკლში მოქმედება ერთ ჩვეულებრივ, ტრადიციულ ქართულ ოჯახში მიმდინარეობს. ერთი კონკრეტული ოჯახის მაგალითზე მაყურებლის წინაშე იკვეთება სახელმწიფოებრივი დონის პრობლემა.
სპექტაკლის ცენტრში მთავარი გმირი – ფერმონია (ლია სულუაშვილი) დგას, რომელსაც შესანიშნავად ასრულებს მესხეთის თეატრის მმართველი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი ლია სულუაშვილი. მსახიობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან კიდევ ერთხელ დაარწმუნა მაყურებელი მის მრავალსახეობრიობაში, მრავალფეროვან სამსახიობო სამყაროში. მსახიობმა მოახერხა უკვე განხორციელებული სახეების გავლენისგან თავის დაღწევა და სრულიად ახლებური სახე-ტიპაჟის წარმოდგენა ჩვენს წინაშე, თანაც არა გარეგნული გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით (გრიმი, კოსტიუმი, ხმა), არამედ მსახიობის შინაგანი ტემპერამენტით და ნიჭიერებით.
ლია სულუაშვილი ფერმონიას როლში ჩვენს წინაშე წარსდგა რადიკალურად განსხვავებულ ამპლუაში. მსახიობი მწირი გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით, ყოველგვარი გარეგნული ეფექტების გარეშე ახერხებს მართალი, ყოველგვარი პათეტიური და ამაღლებული ტონის გარეშე, ერთი დიდგვაროვანი ქალის ისტორიის ნათლად ხატვას. ლია სულუაშვილი ფერმონიას როლის შესრულებისას რეჟისორთან ერთად ბეწვის ხიდზე გადის, სადაც ერთმანეთს კონტრასტულად ენაცვლება ირონია, სევდა, იუმორი, გროტესკი და ლირიკა. ამიტომაც არის, რომ ლიას სულუაშვილის ფერმონია მაყურებელს სიხარულს ანიჭებს. ის ხან ბავშვია, ხან ბრძენი მოხუცი, ხანაც ტაკიმასხარა, ერთგვარი ხუმარა. მსახიობი დეტალებისგან ქმნის მხატვრულ სახეს, თითოეული დეტალი ზედმიწევნითაა დამუშავებული მსახიობის მიერ. ფერმონიას შვილს სანდროს როლს ასრულებს მანუჩარ გოგოლაური. მსახიობი ხატავს ინტელიგენტი კაცის სახეს, რომელიც საკმაოდ უძლურია იმ წინააღმდეგოგებთან, რაც ოჯახში და მუნიციპალიტეტთან ურთიერთობისას ხვდება. მისი მეუღლეა მარტა (მანანა ბერიძე), ახალი ქართველი, სნობი, რომელსაც სურს იცხოვროს მსგავსად თავისი მეგობრებისა, ახალ, ევრორემონტიან ბინაში, თუმცა მას კარგად ესმის, რას წარმოადგენს მისი ოჯახისთვის მამაპაპისეული სახლი. მარტასა და სანდროს შვილებია მეგი (ჯუნა თუმანიშვილი) და ნიკუშა (ლევან გოგოლაძე). ისინი ნამდვილ ქართულ ტრადიციულ ოჯახში აღზრდილები არიან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პროგრესულად არ აზროვნებენ. სამწუხაროდ, მეგის პერსონაჟის ხასიათი გამოკვეთილი არ არის სპექტაკლში, რაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ნამდვილად უტოვებს მაყურებელს. ტრაგი-ფარსული პერსონაჟია ნიკუშა, რომელიც თითქოს ბავშვური მიამიტობით საბედისწერო შეცდომებს უშვებს. ის ტაისასთან, რომელმაც მას სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური მნიშვნელობის ნაწილი – აივანი წაართვა, ფაქტიურად მისი ყურმოჭრილი მონა ხდება. ეს კონკრეტული მომენტი შორეულ ასოციაციებს აღძრავს ჩვენს პოლიტიკურ რეალობასთან, როცა ჩვენს მტრებთან ჩვენივე ოჯახის წევრები დაუფასებელ სამსახურში დგანან.(გამოყენებული წყარო ვიკიპედია,GOOGLE,ინფორმაცია ჟურნალიდან ,,თეატრი და ცხოვრება,,)
ნოემბრის პირველ დეკადაში აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო თოჯინების თეატრების პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა. აღნიშნული ფესტივალი ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია იმ პროექტის, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დაიწყო. ეს გახლავთ „კულტურის განვითარების ათწლეული“. ფესტივალის ორგანიზოტორებმა და უშუალოდ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ მოახერხა პირველივე ფესტივალის ფართო მასშტაბებში ჩატარება. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ თეატრალურ ფორუმში ევროპისა და აზიის თოთხმეტზე მეტი ქვეყნის თეატრი ჩავიდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა მოახერხეს მსოფლოში აღიარებული საერთაშორისო თეატრალური ორგანიზაციების პირველი პირების შეკრება ბაქოში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი მიძღვნილი თოჯინების თეატრებისადმი, რომელშიც ადგილობრივი სპეციალისტების გარდა ფესტივალის ხუთი VIP სტუმარი მონაწილეობდა. ესენი იყვნენ UNIMA–ს გენერალური მდივანი ჟაკ ტრუდო, ASSITEJ–ს პრეზიდენტი ივეტა ჰარდი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი მიშელ ვაისი, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური მდივანი ფრანკო ბიანკინი და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლევან ხეთაგური.
კონფერენცია, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდა მიმოხილვითი ხასიათის იყო და ის ასახავდა თანამედროვე მსოფლიოს თოჯინების თეატრებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს. „პრაქტიკულად თანამედროვე მსოფლიოში ძალიან პოპულარული ხდება თოჯინების თეატრი და ის აღარ მოიზრება მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ თეატრალურ ფორმად– გვითხრა კონფერენციის მონაწილემ ლევან ხეთგაურმა – უნდა ითქვას, რომ ტენდენცია –თოჯინების თეატრი მხოლოდ საბავშვო თეატრალური ფორმაა – არ დაწყებულა საბჭოთა კავშირიდან, ეს ტენდენცია 20–იანი წლების ევროპიდან იღებს სათავეს. კერძოდ, საფრანგეთიდან, როცა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თეატრი უნდა ჩადგეს პედაგოგიკის სამსახურში, როცა პირველად შეიქმნა მოზარდ მაყურებელთა თეატრები. უბრალოდ საბჭოთა კავშირში დღემდე გრძელდება ეს ტენდენცია. თუ კი ევროპაში პარალელურად არსებობდა სხვადასხვა ტიპის თოჯინების თეატრები სპექტაკლები განკუთვბილი ბაშვებისთვის და ჩვეულებრივი მაყურებლისთის, საბჭოთა კავშირში ამ მიმართულებით სპექტაკლები მხოლოდ იდგემებოდა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. თუმცა საქართველო გამონაკლისი იყო, რადგან რეზო გაბრიაძის თეატრი შეიქმნა და ეს იყო პროგრესული მოვლენა. დღეს თითქმის წაშლილია ზღვარი თოჯინებისა და დრამატულ თეატრს შორის, აკადემიურ თეატრში პოპულარული გახდა შერეული ფორმა: მსახიობის და თოჯინის ერთდროული გამოყენება. ეს ის ტენდენაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ვიათარდება. სხვადასხვა თეატრალური ფორმები ერთმანეთს უახლოვდება. ამას აღნიშნავდა სწორედ კონფერენციაზე ფრანკო ბიანკინი თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური მდივანი, რომ მსოფლიო თეატრში, დღეს ცეკვასაც აღარ განიხილავენ, როგორც ცალკე მდგომ თეატრალურ ფორმას. ის მოქცეულია ზოგადად თეატრში, ანდა როცა მსახიობზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ დრამატული თეატრის მსახიობს, მომღერალს და მოცეკვავეს ერთად.
კონფეენციაზე იმაზეც იყო საუბარი, თუ რა ადგილს დაიკავებს თოჯინების თეატრი მსოფლიო თეატრალურ ტენდენციებში. ჩემს მოხსენებაში კი შევეხე საქართველოში არსებულ სიტუაციას და ავღნიშნე, რომ ჩვენთან დიდი ხანია არსებობს მარიონეტების თეატრი ფართო მაყურებლისათვის, რომელიც რეზო გაბრიაძემ შექმნა, ასევე თითების და ჩრდილების თეატრი და ძალიან კარგი მაგალითი ლევან წულაძის „ფაუსტი“, როცა დრამატულ თეატრში თოჯინების თეატრი შეიჭრა და მოხდა საინტერესო კომბინაცია თოჯინის და მსახიობის ურთიერთდამოკიდებულების სცენაზე“ – აღნიშნა ლევან ხეთაგურმა.
საქართველოდან ბაქოს პირველი საერთაშორისო ფესტივალისთვის სხვადასხვა ქართული თეატრიდან ხუთი განაცხადი შევიდა, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორებმა არჩევანი მხოლოდ ორ ქართულ თეატრზე გააკეთეს: 1. ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“ და 2. მულტი–პულტის სამყაროს თეატრი. ცნობილა, რომ ნებისმიერი ფესტივალი მასში მონაწილეობის მსურველთა კანდიდატებიდან სპექტაკლების სრულ ვიდეო ჩანაწერს ითხოვს, მაგრამ ორივე ქართული თეატრი ფესტივალმა ვიდეოჩანაწერის გარეშე შეარჩია. როგორც ფესტივალის დირექტორმა შაიგ საფაროვმა გვითხრა: „ჩვენ კარგად ვიცით რა არის ომი და გვინახავს თეატრი, რომელიც ლტოლვილის სტატუსს ატარებს საკუთარ ქვეყანაში, ჩრდილების თეატრი სწორედ ამ პრინციპით შეირჩა, თუმცა თავად თეატრიც თავისი არსით ორიგინალური და გამორჩეულია სხვა თეატრებისაგან. რაც შეეხება მულტი–პულტის თეატრს – ჩვენ სტიმული მივეცით ახლადჩამოყალიბებულ თეატრს, რადგან გვესმის რაოდენ ძნელია საკუთარ ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება და ავტორიტეტის მოპოვება, ჩავთვალეთ, რომ ამ თეატრისთვის უნდა მიგვეცა შანსი საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის. სასიხარულია, რომ რისკმა გაამართლა–ფესტივალის მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა“.
გოჩა ხვიჩიას სპექტაკლი „წიქარა“ ფესტივალის დახურვის დღეს წარმოადგინეს აზერბაიჯანის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.ამ თეატრის დარბაზი 400–მდე მაყურებელს იტევს, რომელიც გაივსო არა მხოლოდ პატარა მაყურელით, არამედ ფესტივალის სტუმრებითა და მონაწილეებით. კიდევ ერთი დეტალი, რაც შესამჩნევი იყო და ქართველებს არ აწყენდა მისი რეალობაში დანერგვა. თითოეული ბავშვი თეატრში შესვლამდე ყვავილების თაიგულს ყიდულობს და მისთვის სასურველ მსახიობს, პერსონაჟს, გმირს სპექტაკლის შემდეგ გადასცემს. რუსული დრამატული თეატრის სცენა გაცილებით დიდია, ვიდრე მულტი–პულტის სცენა თბილისში. ამიტომ სპექტაკლის მხატვარმა მარიკა კვაჭაძემ თავიდანვე დაიჭირა თადარიგი გაცილებით მასშტაბურ სცენაზე დეკორაციის გადასატანად და სრულიად ახალი დეკორაციები შექმნა, მსახიობებმა თათია ბაქრაძე, ცირა შარიამ, სოფო ვარდიძე, ბექნუ ქაფიანიძემ, გენა შონიამ და ნანიკო კვარაცხელიამ მარტივად მოახერხეს ახალ სცენასთან ადაპტაცია და სრული მობილიზაცია. ეპიზოდები და მიზანსცენები, რომლებიც ქართულ ქორეოგრაფიულ–მუსიკალურ ფოლკლორს ეფუძნებოდა, მაყურებლის აპლოდისმენტებით ჩაიარა. რეჟისორის ზუსტად გათვლილმა ხერხებმა რუსულ სცენაზე აზერბაიჯანელ მაყურებელში ეფექტი მოახდინეს. ფესტივალის მონაწილეები დაინტერესდნენ ქართული მუსიკით, ქორეოგრაფიით და რაც მთავარია ქართული თეატრით.
სპექტაკლის დასრულების შემდეგსცენაზე ავიდნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი ლუდმილა დუხოვნაია და მულტი–პულტის სამყაროს თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ნატალია საგინაშვილი. ქალბატონმა ლუდმილამ თეატრის წარმომადგენლებს ფესტივალი საპატიო დიპლომი, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სპეციალური პრიზი და ფესტივალის სიმბოლო „ჯირსტანი“ (აზერბაიჯანული ზღაპრების და მულტიპლიკაციური ფილმების ნაციონალური გმირი) გადასცა და მაყურებელს განუცხადა: „დრამატული თეატრის და კინოს მსახობი ვარ და ძალიან კარგად მესმის რამდენი სირთულის გადალახვა უწევთ მსახიობებს, რომლებიც თოჯინებს ათამაშებენ. ისინი დამალულები არიან და ჩვენამდე სათქმელი მოაქვთ თოჯინით. თუ კარგად გააცოცხლა თოჯინა მსახიობმა–ეს მისი ხელის პლასტიკის, ხმის და ზუსტი ინტონაციის დამსახურებაა. ასე მუშაობა კი გაცილებით რთულია და შესაბამისად, უფრო დასაფასებელიც. ეს ტაში, რაც ქართველმა მსახიობებმა ასე გულმხურვალდ მიიღო დამსახურებულია და გულწრფელი. თქვენი მსახიობები არაჩვეულებრივად სუფთად მღერიან უნიკალურ და რთულად შესასრულებელ ქართულ მრავალხმიან სიმღერებს. მინდა ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო ახალგაზრდა მსახიობის თათია ბაქრაძის მიმართ“. ნატალია საგინაშვილმა კი იმ სიურპრიზის შესახებ ამცნო მაყურებელს, რომელსაც ქართული თეატრი შეკრებილ მაყურებელს სპექტაკლის დაწყებამდე დაპირდა: „ძალიან ვეცადეთ თქვენი გულები გაგვეხარებინა, არა მხოლოდ სპექტაკლით, არამედ განსაკუთრებული საჩუქრითაც. როცა გადავწყვიტეთ ბაქოში წამოსვლა ჩვენს ერთგულ მაყურებელს საქართველოში შევთავაზეთ თქვენთვის წამოგვეღო სიყვარული. თქვენმა ქართველმა თანატოლებმა შეგიგროვეს თავიანთი ნახატები და გამოგვატანეს თქვენთან, როგორც სიყვარულის და ჩვენი მეგობრობის სიმბოლო“. მულტი–პულტის თეატრის წარმომადგენლებმა ფესტივალის ორგანიზატორებს ასევე სპეციალურად ფესტივალისთვის დაბეჭდილი ბანერი გადასცეს, რომელზეც ასახულია ბაქოს თოჯინების თეატრის ფესტივალი ასი წლის შემდეგ.
„წიქარას“ ქართული პრემიერა თბილისში მიმდინარე წლის დეკემბრის თვეშია დაგეგმილი. იმედია ქართველი მაყურებელიც ისევე თბილად მიიღებს უძველესი ქართული ზღაპრის ახალ სცენურ ინტერპრეტაციას, როგორც ის უცხოელმა მაყურებელმა მიიღო.


















Hotel Casino & RV Park - MapyRO
ReplyDeleteView reviews, 양주 출장마사지 photos and ratings of the Hotel Casino 강릉 출장안마 & RV Park in El 세종특별자치 출장안마 Dorado, CA. 경기도 출장마사지 Rating: 2.9 김포 출장안마 · 30 reviews